понедельник, 18 апреля 2011 г.

ყველა მწერალს თავისი განსაკუთრებული, სხვებისგან გამორჩეული წერის მანერა და სტილი აქვს. ჯემალ ქარჩხაძე ის მწერალია,რომელსაც განსაკუთრებული და გამორჩეული გემოვნების, ღრმა ინტელექტის მკითხველი სჭირდება. მისი ნაწარმოებები იკითხება ძალიან დიდი ინტერესით და არ შეიძლება პატარა მოთხრობის წაკითხვის მერეც კი რაღაც დიდი აღმოჩენის პატრონი არ გახდე, ადამიანური ჭეშმარიტების შემცნობი. მისთვის მწერლობა არის იარაღი, რომლითაც შეიძლება ადამიანი დაიცვა და, როგორც თვითონ ამბობს, სამშვიდობოს გაიყვანო. მწერლობა ხელოვნების დარგია და ,,ხელოვნება რელიგია-ფილოსოფიის ფესვზეა აღმოცენებული, და მეორე მხრივ - ხელოვნება თვითონაა ფესვი, რომელიც ერთ მხარეს რელიგიაში გადადის და მეორე მხარეს ფილოსოფიაში"(ჯ.ქ). რელიგია, ფილოსოფია და ხელოვნება, მწერლის თქმით, სამი ზღაპრული რაშია, რომლებიც ადამიანს ეხმარება, სამშვიდობოს გავიდეს.
სიტყვის ხელოვნება კი, ვფიქრობ, ყველაზე მეტყველი და შესაცნობი ხელოვნებაა. ამიტომ, ალბათ, ყველაზე მეტად ეკისრება ადამიანთა გადარჩენის მისია. სიტყვის პრეროგატივა უნდა იყოს, კაცობრიობა იხსნას სულიერი დეგრადირებისაგან. ხელოვნება და სიტყვა ილიამ და მისმა თაობამ ჩააყენა ხალხის სამსახურში, დიდი მისიაც დააკისრა და ამან თავის დროზე მართლაც უდიდესი სამსახური გაუწია ერს. ვფიქრობ, ჯემალ ქარჩხაძე უკვე მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ძალუმად ცდილობს იმავეს.
  ქართველ კაცს სიტყვის ხატოვანი თქმა არ უჭირს, მით უფრო, რომ იგი საუკეთესო საშუალებაა ადამიანთა სულიერი მდგომარეობისა და ერთმანეთთან დამოკიდებულებების გამჟღავნებისა. მწერალი ამას ასე გამოხატავს: ,,ჩვენში ყოველი კაცი სიტყვის შემოქმედია. ჩვენში სიტყვა იმდენად კომუნიკაციის საშუალება არ არის, რამდენადაც სულის გმჟღავნებისა. სიტყვა ჩვენთვის ის ღმერთია, თან მოწიწებით შევციცინებთ და თან შინაურულად ბეჭებზე ხელს ვუტყაპუნებთ".
სიტყვაზე ასე შეთამამებულებშიც კი უცნაურად საცნაურია ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედება. მიუხედავად იმისა, რომ მის წაკითხვას ფილოსოფიური სიღრმე და ინტელექტის გარკვეული დონე სჭირდება, საოცარი ინტერესით შეხვდა მას მოზარდი მკითხველი. მოთხრობები ,,იგი" და ,,რაჰათ-ლუხუმი" სასწავლო პროგრამში ჩაშვების შჱმდეგ მოსწავლეთა საყვარელ, გამორჩეულ ნაწარმოებებად იქცა. ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ბავშვებმა გაიგეს, რომ ჯემალ ქარჩხაძე ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულია. ამან გარკვეული სიამაყეც გამოიწვია. ამიტომაც აუცილებლად ჩავთვალეთ, ჩვენს შკოლაში ყოფილიყო ოთახი, რომელიც ჯემალ ქარჩხაძის სახელს ატარებდა. ჩანაფიქრი რეალობად იქცა. 8 აპრილს ქალბატონი ნანი ჟრჟოლიანის ძალისხმევითა და ქალბატონი მედეა ჩოგოვაძის მონდომებით მეორე საჯარო სკოლაში გაიხსნა მწერლის სახელობის კლას-კაბინეტი. მწერლის გამონათქვამებით დაამშვენეს ბავშვებმა  კედლები. შევქმენით კედლის გაზეთი, რომლითაც პირველი გაცნობა შედგა.
   ვფიქრობ, ეს მხოლოდ საფუძვლის ჩაყრაა. ვიმედოვნებ, რომ ინტერესი უკვე აღძრულია და ჯემალ ქარჩხაძის კლას-კაბინეტის გახსნა კიდევ ერთი ნაბიჯია იქითკენ, რომ აღვზარდოთ წიგნიერი ახალგაზრდობა, რაც ასე დეფიციტია დღეს, და ჩამოვაყალიბოთ გემოვნებიანი მკითხველი.
                                                        მაია კოპალიანი 

суббота, 16 апреля 2011 г.

ჯემალ ქარჩხძის სახელობის კლას-კაბინეტი მეორე სკოლაში

  მეორე სკოლა ჯემალ ქარჩხაძის მშობლიური სკოლაა, თავი მოვალედ ჩავთვალეთ, ერთი ოთახი მისი სახელობისა ყოფილიყო. ვფიქრობ, ეს აუცილებელიც იყო. ეს მოკრძალებული წამოწყება, იმედია, გაგრძელებასაც პოვებს. 8 აპრილს მე-7-3 კლასის სადამრიგებლო ოთახში გაიხსნა კლას-კაბინეტი, რომელიც ჯემალ ქარჩხაძის სახელს ატარებს. ღონისძიება პომპეზური არ ყოფილა. სტუმრად მოსული ქალბატონი მედეა ჩოგოვაძე ბავშვებს მწერლის შემოქმედებაზე ესაუბრებოდა. შეხვედრა მოსალოდნელზე უფრო თბილი და, რაღა თქმა უნდა, საინტერესო აღმოჩნდა. შეხვედრას ესწრებოდნენ მეორე სკოლის პედაგოგები, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები.
    ჯემალ ქარჩხაძე ის მწერალია, რომლის წაკითხვასაც გარვეული ინტელექტუალური დონე და აზროვნება სჭირდება. ამიტომაც ორმაგად სასიამოვნო იყო, როცა აღმოჩნდა, რომ ახალი თაობისათვის იგი ძალიან საინტერესო მწერალია.






















четверг, 27 января 2011 г.

გამონათქვამები

ვისაც უკეთესი ბედი აქვს, ის დიდ და ღონიერ სახელმწიფოში იბადება და თუ მაინცდამაინც მოიწადინებს, შეუძლია ნადირადაც იქცეს -ამით ქვეყანას ბევრი არა დააკლდება რა. ჩვენში კი ყოველი კაცი სათვალავშია ჩაგდებული. ჩვენში ყოველმა კაცმა საქართველო თავისი ზურგით უნდა ზიდოს.


ქართველობა ჩვენი ხმალია და ქრისტიანობა ჩვენი- ფარი. ვისთვისაც ღმერთს ფარისა და ხმლის მეტი არა მიუცია რა, ის მეომარია და ძალიანაც რომ ეგულმძიმებოდეს, უნდა იომოს. ჩვენი მიწა-წყალი მცირეა და გამუდმებული დარაჯობა სჭირდება. პატარა ქვეყანა დიდი სატკივარია. ჩვენი ქვეყანა კი იმდენად პატარაა, ხელები რომ გაშალო, თავ-ბოლოს მისწვდები. ასეთ ქვეყანას სხეულივით უნდა გრძნობდე და როცა შენს მიწაზე უცხო მოძალადე დადის, ისე უნდა გტკიოდეს, თითქოს შენს სხეულს თელავდეს