суббота, 20 февраля 2016 г.

ბიბლიოგრაფია

,,სასწაული"- მოთხრობების კრებული - 1967 წელი
,,მეთერთმეტე მცნება" - მოთხრობების კრებული - 1979წელი
,,მდგმური" - რომანი - 1979 წელი
,,დღე ერთი" - მოთხრობების კრებული -1982 წელი
,,ქარავანი" - რომანი -1984 წელი
,,ანტონიო და დავითი" - მოთხრობების კრებული
,,ზებულონი" - რომანი - 1988 წელი
,,ზღაპარი ხელმწიფის პატარა ქალისა და მწყემსი ბიჭისა"_ მოთხრობა 1989 (ჟურნალი ,,მნათობი" №9).
,,მაგნოლიის ყვავილი ანუ ბებია ანას გარდაცვალება" - მოთხრობა 1998
,,განზომილება" -რომანი -2001. პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ ,,ცისკარში" 1999 წ№ 3-4-5-6-7.
თარგმნილი რუსულ, ჩეხურ, გერმანულ და სხვა ენებზე. დავით წერედიანთან ერთად ნათარგმნი აქვს ჰ.ლაქსნესის ,,ატომის სადგური", ლ.ფოიხტვანგერის ,,ცრუ ნერონი", რ.კიპლინგის ზღაპრები, ძმები გრიმების ძღაპრები და სხვა

მოკლე ბიოგრაფია

1936 წლის 13 მაისი, ვანის რაიონი სოფელი უხუთი ____ 1998 წლის 8 ნოემბერი, თბილისი.
1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1961-1982 წლებში სხვადასხვა დროს მუშაობდა კულტურის სამინისტროში, ქართულ სახელმწიფო თოჯინების თეატრში და კინოსტუდია ,,ქართულ ფილმში".
პირველი პუბლიკაცია_ 1962 წელი,მოთხრობა ,,აბზიანიძეების ოჯახი".

понедельник, 18 апреля 2011 г.

ყველა მწერალს თავისი განსაკუთრებული, სხვებისგან გამორჩეული წერის მანერა და სტილი აქვს. ჯემალ ქარჩხაძე ის მწერალია,რომელსაც განსაკუთრებული და გამორჩეული გემოვნების, ღრმა ინტელექტის მკითხველი სჭირდება. მისი ნაწარმოებები იკითხება ძალიან დიდი ინტერესით და არ შეიძლება პატარა მოთხრობის წაკითხვის მერეც კი რაღაც დიდი აღმოჩენის პატრონი არ გახდე, ადამიანური ჭეშმარიტების შემცნობი. მისთვის მწერლობა არის იარაღი, რომლითაც შეიძლება ადამიანი დაიცვა და, როგორც თვითონ ამბობს, სამშვიდობოს გაიყვანო. მწერლობა ხელოვნების დარგია და ,,ხელოვნება რელიგია-ფილოსოფიის ფესვზეა აღმოცენებული, და მეორე მხრივ - ხელოვნება თვითონაა ფესვი, რომელიც ერთ მხარეს რელიგიაში გადადის და მეორე მხარეს ფილოსოფიაში"(ჯ.ქ). რელიგია, ფილოსოფია და ხელოვნება, მწერლის თქმით, სამი ზღაპრული რაშია, რომლებიც ადამიანს ეხმარება, სამშვიდობოს გავიდეს.
სიტყვის ხელოვნება კი, ვფიქრობ, ყველაზე მეტყველი და შესაცნობი ხელოვნებაა. ამიტომ, ალბათ, ყველაზე მეტად ეკისრება ადამიანთა გადარჩენის მისია. სიტყვის პრეროგატივა უნდა იყოს, კაცობრიობა იხსნას სულიერი დეგრადირებისაგან. ხელოვნება და სიტყვა ილიამ და მისმა თაობამ ჩააყენა ხალხის სამსახურში, დიდი მისიაც დააკისრა და ამან თავის დროზე მართლაც უდიდესი სამსახური გაუწია ერს. ვფიქრობ, ჯემალ ქარჩხაძე უკვე მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ძალუმად ცდილობს იმავეს.
  ქართველ კაცს სიტყვის ხატოვანი თქმა არ უჭირს, მით უფრო, რომ იგი საუკეთესო საშუალებაა ადამიანთა სულიერი მდგომარეობისა და ერთმანეთთან დამოკიდებულებების გამჟღავნებისა. მწერალი ამას ასე გამოხატავს: ,,ჩვენში ყოველი კაცი სიტყვის შემოქმედია. ჩვენში სიტყვა იმდენად კომუნიკაციის საშუალება არ არის, რამდენადაც სულის გმჟღავნებისა. სიტყვა ჩვენთვის ის ღმერთია, თან მოწიწებით შევციცინებთ და თან შინაურულად ბეჭებზე ხელს ვუტყაპუნებთ".
სიტყვაზე ასე შეთამამებულებშიც კი უცნაურად საცნაურია ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედება. მიუხედავად იმისა, რომ მის წაკითხვას ფილოსოფიური სიღრმე და ინტელექტის გარკვეული დონე სჭირდება, საოცარი ინტერესით შეხვდა მას მოზარდი მკითხველი. მოთხრობები ,,იგი" და ,,რაჰათ-ლუხუმი" სასწავლო პროგრამში ჩაშვების შჱმდეგ მოსწავლეთა საყვარელ, გამორჩეულ ნაწარმოებებად იქცა. ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ბავშვებმა გაიგეს, რომ ჯემალ ქარჩხაძე ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულია. ამან გარკვეული სიამაყეც გამოიწვია. ამიტომაც აუცილებლად ჩავთვალეთ, ჩვენს შკოლაში ყოფილიყო ოთახი, რომელიც ჯემალ ქარჩხაძის სახელს ატარებდა. ჩანაფიქრი რეალობად იქცა. 8 აპრილს ქალბატონი ნანი ჟრჟოლიანის ძალისხმევითა და ქალბატონი მედეა ჩოგოვაძის მონდომებით მეორე საჯარო სკოლაში გაიხსნა მწერლის სახელობის კლას-კაბინეტი. მწერლის გამონათქვამებით დაამშვენეს ბავშვებმა  კედლები. შევქმენით კედლის გაზეთი, რომლითაც პირველი გაცნობა შედგა.
   ვფიქრობ, ეს მხოლოდ საფუძვლის ჩაყრაა. ვიმედოვნებ, რომ ინტერესი უკვე აღძრულია და ჯემალ ქარჩხაძის კლას-კაბინეტის გახსნა კიდევ ერთი ნაბიჯია იქითკენ, რომ აღვზარდოთ წიგნიერი ახალგაზრდობა, რაც ასე დეფიციტია დღეს, და ჩამოვაყალიბოთ გემოვნებიანი მკითხველი.
                                                        მაია კოპალიანი 

суббота, 16 апреля 2011 г.

ჯემალ ქარჩხძის სახელობის კლას-კაბინეტი მეორე სკოლაში

  მეორე სკოლა ჯემალ ქარჩხაძის მშობლიური სკოლაა, თავი მოვალედ ჩავთვალეთ, ერთი ოთახი მისი სახელობისა ყოფილიყო. ვფიქრობ, ეს აუცილებელიც იყო. ეს მოკრძალებული წამოწყება, იმედია, გაგრძელებასაც პოვებს. 8 აპრილს მე-7-3 კლასის სადამრიგებლო ოთახში გაიხსნა კლას-კაბინეტი, რომელიც ჯემალ ქარჩხაძის სახელს ატარებს. ღონისძიება პომპეზური არ ყოფილა. სტუმრად მოსული ქალბატონი მედეა ჩოგოვაძე ბავშვებს მწერლის შემოქმედებაზე ესაუბრებოდა. შეხვედრა მოსალოდნელზე უფრო თბილი და, რაღა თქმა უნდა, საინტერესო აღმოჩნდა. შეხვედრას ესწრებოდნენ მეორე სკოლის პედაგოგები, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები.
    ჯემალ ქარჩხაძე ის მწერალია, რომლის წაკითხვასაც გარვეული ინტელექტუალური დონე და აზროვნება სჭირდება. ამიტომაც ორმაგად სასიამოვნო იყო, როცა აღმოჩნდა, რომ ახალი თაობისათვის იგი ძალიან საინტერესო მწერალია.






















четверг, 27 января 2011 г.

გამონათქვამები

ვისაც უკეთესი ბედი აქვს, ის დიდ და ღონიერ სახელმწიფოში იბადება და თუ მაინცდამაინც მოიწადინებს, შეუძლია ნადირადაც იქცეს -ამით ქვეყანას ბევრი არა დააკლდება რა. ჩვენში კი ყოველი კაცი სათვალავშია ჩაგდებული. ჩვენში ყოველმა კაცმა საქართველო თავისი ზურგით უნდა ზიდოს.


ქართველობა ჩვენი ხმალია და ქრისტიანობა ჩვენი- ფარი. ვისთვისაც ღმერთს ფარისა და ხმლის მეტი არა მიუცია რა, ის მეომარია და ძალიანაც რომ ეგულმძიმებოდეს, უნდა იომოს. ჩვენი მიწა-წყალი მცირეა და გამუდმებული დარაჯობა სჭირდება. პატარა ქვეყანა დიდი სატკივარია. ჩვენი ქვეყანა კი იმდენად პატარაა, ხელები რომ გაშალო, თავ-ბოლოს მისწვდები. ასეთ ქვეყანას სხეულივით უნდა გრძნობდე და როცა შენს მიწაზე უცხო მოძალადე დადის, ისე უნდა გტკიოდეს, თითქოს შენს სხეულს თელავდეს

суббота, 20 февраля 2010 г.

გაიცანით ზებულონი !



დღეს მსურს, ჯემალ ქარჩხაძის “ზებულონზე” გესაუბროთ…
არ ვიცი საიდან დავიწყო… მაგრამ დავიწყებ საუბარს და იდეებიც, ალბათ, მოვა…

“ზებულონი” ისტორიული რომანია… მისი მთავარი პერსონაჟი, ალბათ, მიხვდით, რომ ზებულონია.
ძალიან რთულია, ზუსტად დაახასიათო ეს მართლაც რომ ტრაგიკული გმირი…
ზებულონმა ცხოვრება შურისძიებით დაიწყო, რამაც საბოლოოდ შეცვალა მისი მომავალი და მისი პიროვნება… იგი სასწავლებლად უნდა მიბარებოდა იოველ ბატონიშვილს, მაგრამ მამის მკვლელობის გამო, მან შური იძია დაროაშვილების ოჯახზე და საზარლად დახოცა ისინი…
ზებულონი ბავშვობიდანვე გამორჩეული იყო სხვებისაგან როგორც ფიზიკურად, ისე ხასიათით…
როცა მოახლოვებული იყო ის სანატრელი დღე, როცა სასწავლებლად უნდა წასულიყო, მაშინ მოხდა ტრაგედია, მაშინ დაუშვა პირველი და საბედისწერო შეცდომა ზებულონმა, რამაც შემდეგ მთელი მისი მომავალი ცხოვრება შეცვალა… ეს შეცდომა მას მთელი ცხოვრების მანძილზე სტანჯავს, თუმცა მომავალშიც არა ერთი საბედისწერო შეცდომა დაუშვა…

შურისძიების შემდეგ ვეღარ გაჩერდება წყაროსთვალში, მის მშობლიურ სოფელში და გზას გაუდგება… შეხვდება მანუჩარ ბატონიშვილს და ბექა ამილახვარს. ეს დღე საბოლოოდ განსაზღვრავს ზებულონის დარჩენილ ცხოვრებას. მას თავიდანვე შეატყობენ, რომ არაადამიანური ძალის პატრონია და ჯარში აიყვანენ. დროთა განმავლობაში კი ზებულონი ისეთ სახელს მოიხვეჭს ბრძოლებში, რომ შეგირდების აღზრდასაც ავალებენ…

ნაწარმოების შინაარსზე არ მსურს საუბარი, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ცოტა შევყევი მის თხრობას.

ზებულონის მეორე შეცდომა ნესტანი იყო. ნესტანი თავადიშვილია და ისე მოხდება, რომ ზებულონს მის მამულში მოუწევს ცხოვრება. და ნესტანი ზებულონის ხელში გაიზრდება…
ზებულონი ებრძვის საკუთარ თავს, მაგრამ მაინც შეუყვარდება ნესტანი…
თუმცა გადამწყვეტ მომენტში იგი ნესტანს იმედებს გაუცრუებს…

ნაწარმოებში დასმულია ისეთი კითხვები, როგორიცაა ადამიანის თვითგამორკვევა (დავით გურამიშვილი), სწავლისა და შრომის ომი (ილია) და ა.შ.

“ზებულონში” ორი იდეაა ერთმანეთს დაპირისპირებული: კათალიკოსისა_ „განა მართლაც ნადირად დაიბადე, რომ ქვეყანა შენს პატარა, დუხჭირ ცხოვრებას ანაცვალო“ და ზებულონისა_ „ვინ მისცა ქვეყანას იმის ნება, ყველაფერი წაგართვას და არაფერი დაგიტოვოს?!“

აქ, ჩემი აზრით, არასწორადაა დასმული სახელმწიფოებრიობისა და პიროვნების თავისუფლების საკითხები. ჩემი აზრით, ერთი მეორეს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს…

ზებულონს სურდა ნესტანი ჰყვარებოდა, და მასთან ერთად ეცხოვრა. მაგრამ ეს ქართლის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, რადგან ნესტანი ისკანდერ-ხანის საცოლე იყო და, მისი ვერ შერთვის შემთხვევაში, ქართლს ააოხრებდა…

მაგრამ აქვე ისმის მეორე საკითხი, ადამიანური ტკივილი: რატომ არ ჰქონდა ზებულონს იმის უფლება, რომ ისე ეცხოვრა, როგორც მას სურდა???

ზებულონი დარჩენილი ცხოვრება იტანჯება… იგი, მართალია, ქვეყნის სამსახურშია, დარდს ამით იქარწყლებს, მაგრამ ეს მისი არჩევანი არ ყოფილა! მას მოუსპეს არჩევანის უფლება…
როცა სწავლა უნდა დაეწყო, მაინცდამაინც მაშინ მოკლეს მამამისი. როცა ნესტანი უნდა ჰყვარებოდა, მაშინ არ შეიძლებოდა მისი სიყვარული.
მაგრამ აქვე ჩნდება ზებულონის პიროვნული სისუსტეებიც.
მას შეეძლო შური არ ეძია და სწავლა დაეწყო… და მეორე შემთხვევაში, მას შეეძლო, აქამდე არ მიეყვანა საქმე და ან მანამდე შეერთო ცოლად ნესტანი, ან საერთოდ არ მიეცა მისთვის იმედი…

მოკლედ, ძალიან ტრაგიკული პერსონაჟია ჩვენი ზებულონი…

ნაწარმოებში ჩემი რჩეული გმირია ბექა ამილახვარი, რომელიც ზებულონზე დიდი კაცია, ჩემი აზრით… მან ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საყვარელ ადამიანებს და მთელ საქართველოს თავი შეაძულა… ცოლიც არ შეირთო… და ბოლოს, საკუთარი ფეხით ეახლა შაჰს ირანში (იცოდა, რაც ელოდა) , სადაც მოკლეს….

იგი იყო ძალიან გონიერი, უდიდესი პატრიოტი, რომელმაც ყველაფერი გვერდზე გადადო, რათა სამშობლოსთვის ბოლომდე დაუღალავად ემსახურა…

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, “ზებულონი” ის ნაწარმოებია, რომელიც უნდა წაიკითხოთ ! ! !